ძერწვა ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. პლასტილინის ან სხვა საძერწი მასალის ხელით დამუშავებისას, მისგან სხვადასხვა ფორმის დეტალების შექმნისას და ამ დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებისას ბავშვს უვითარდება ხელის წვრილი მოტორიკა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მისი მეტყველების, ზუსტი და კოორდინირებული მოძრაობების, მეხსიერების და პიროვნების განვითარებაზე. ყოველივე აღნიშნული კი ბავშვის გონებრივ განვითარებაში პოულობს ასახვას;
ძერწვა ნებელობის განვითარების კარგი საშუალებაა. როცა ბავშვი კონცენტრირებულია რაიმე, მისთვის საინტერესო და მიმზიდველ საქმიანობაზე, ის ადვილად სწავლობს მოთმინებას, ხდება უფრო ბეჯითი, მონდომებული, უვითარდება დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის და სირთულეების გადალახვის უნარი, ხდება უფრო მობილიზებული, ყურადღებიანი, უვითარდება თვითრეგულაციის უნარი;
პლასტილინის სტანდარტული ნაწილებისაგან ახალი ფორმების შექმნისა და სხვადასხვა ფერების ერთმანეთში შერევის, ასევე ნიმუშის მიხედვით ძერწვის პროცესში ვითარდება ხატოვანი, აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნება, მეხსიერება; ვლინდება შემოქმედებითი უნარები;
ძერწვა წარმოსახვის, ფანტაზიის განვითარების ძალიან კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ქმნის რაიმეს არა ნიმუშის მიხედვით, არამედ მის მიერვე მოფიქრებულს;
ძერწვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, პატარას ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ამცირებს აგზნებადობასა და გაღიზიანებადობას. ძერწვა ეხმარება ბავშვს გამოხატოს თავისი ემოციები (მათ შორის ნეგატიური) სოციალურად მისაღები ფორმით, გაუმკლავდეს სიბრაზეს, განრისხებას, შფოთვას;
ფსიქოლოგიაში აქტიურად გამოიყენება ძერწვა, როგორც არტ-თერაპიის ერთ-ერთი მეთოდი. მას აქვს დამამშვიდებელი და თერაპიული ზემოქმედება. განსაკუთრებით სასარგებლოა ძერწვა ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ბავშვებს რამდენიმე წუთითაც კი არ შეუძლიათ ერთ ადგილას მშვიდად ჯდომა, რეგულარული მეცადინეობები პლასტელინით ძერწვა ეხმარება მათ იყვნენ უფრო მობილიზებული, ორგანიზებული, მტკიცე, შეუპოვარი და დაწყებული საქმე წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანონ;
ნამუშევარი, რომელსაც ძერწვის პროცესში ქმნის ბავშვი, გვეხმარება უფროსებს გავერკვეთ მის სულიერ მდგომარეობაში და შევაფასოთ ემოციური და პიროვნული პრობლემების არსებობა;
ძერწვა ეხმარება ბავშვს გამოხატოს გრძნობები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუგროვდა და რომელთა არსებობას შეიძლება ის ვერც კი აცნობიერებს; არავერბალურად გამოხატოს ასევე არსებული შინაგანი კონფლიქტები და წინააღმდეგობები;
ძერწვა ეხმარება ბავშვს „საგნობრივი“ გახადოს შიში და დაძლიოს ის ფიზიკური ურთიერთქმედების გზით – დაამტვრიოს, დასრისოს გამოძერწილი ფიგურა მისი შეცვლის, რაიმე უფრო კარგის, უკეთესის შექმნის მიზნით;
ძერწვა ბავშვისთვის გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობის საშუალებაა. იმისათვის, რომ პატარამ გამოძერწოს ესა თუ ის ფიგურა, მან კარგად უნდა შეისწავლოს ის, რის გამოძერწვასაც აპირებს, შეისწავლოს საგნების დამახასიათებელი თავისებურებები, დააზუსტოს დეტალები, გაიაზროს, გააცნობიეროს ობიექტების ძირითადი თვისებები. ამ გზით ის იძენს ცოდნას გარემომცველი სამყაროს შესახებ, ვითარდება მხედველობითი მეხსიერება, ასევე ანალიტიკური აზროვნების უნარი;
მნიშვნელოვანია ძერწვის როლი ბავშვის პიროვნების განვითარების პროცესში. ძერწვა მარტივი და ეფექტური ხერხია ბავშვის დაფარული შესაძლებლობების გამოსავლენად და ბუნებრივი უნარ-ჩვევის განვითარებისთვის, იმისათვის, რომ დავანახოთ პატარას საკუთარი უნიკალურობა და შემოქმედებითი უნარები. მუშაობა ისეთი საძერწი მასალით, რომელსაც ბავშვმა სურვილის მიხედვით შეიძლება მისცეს ნებისმიერი ფორმა, შემდეგ კი, თუ საჭირო იქნება, შეცვალოს ეს ფორმა ახლით, უვითარებს ბავშვს საკუთარ ძალებში რწმენას, პასუხისმგებლობას და ცნობისმოყვარეობას. პატარა „ატარებს ექსპერიმენტებს“ და ავიწყდება, რომ რაიმე შეიძლება არ გამოუვიდეს. ის სწავლობს ახალს და ცდილობს გაცნობიერებულად გამოიყენოს თავისი უნარი საჭირო შედეგის მისაღწევად. ძირითადი მოტორული ჩვევების პარალელურად ძერწვა ავითარებს მიზანსწრაფულობას, სიბეჯითეს და ორგანიზებულობას.
მოდელირება ტანსაცმლის მოდელირების ძირითადი პრინციპია ინდივიდუალური დიზაინის სამოსის შექმნა სხვადასხვა დანიშნულებისათვის, მასალის, სტილისა და სეზონის…
გიმნაზია პანსიონი is proudly powered by WordPress