წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი დამფუძნებელია საქართველოს ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ის თანადგომით და ბათუმისა და ლაზეთის, მიტროპოლიტი დიმიტრის ინიციატივით.დაწესებულებამ ფუნქციონირება დაიწყო 2004 წლის 5 იანვარს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #129 ბრძანებით 2006 წლის 21 თებერვალს გიმნაზია-პანსიონს მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია.
2004 წელს წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიამ ფუნქციონირება დაიწყო მიტროპოლიტ დიმიტრის უახლეოსი მეგობრის ბატონ შალვა ბრეუსის ქველმოქმედებით. 2006 წლიდან დაწესებულებას გამოეყო სახელმწიფო დაფინანსებაც. დაარსების მიზანი იყო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება გაეწია შეჭირვებული ოჯახებისა და მარტოხელა მშობლების შვილებისათვის.
2004-2005 სასწავლო წელს სწავლა მიმდინარეობდა მხოლოდ დაწყებითი საფეხურის კლასებში. გიმნაზიაში ირიცხებოდა 34 მოსწავლე.
2005 წლის 15 სექტემბრიდან გიმნაზია-პანსიონის დირექტორია იღუმენია სიდონია (ე.დარჩია).
ფონდში საგაკვეთილო პროცესისა და გახანგრძლივებული მეცადინეობის გარდა ფუნქციონირებდა შემდეგი სტუდიები: ინგლისური ენის, ხატწერის, აკადემიური ხატვის, მოდელირების, გობელენის, კერვის, ქსოვის, მინანქრის, თექის, ჭადრაკის, ფორტეპიანოს, სოლფეჯიოს, გალობის, ხალხური სიმღერებისა და ცეკვის, ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრის,.დასარტყამი ინსტრუმენტებისა და სხვა.
2007 წელს გიმნაზია-პანსიონის კალათბურთის გუნდი ,,ათძალი&ქუოტ; მონაწილეობდა საქართველოს პირველობაზე და მოპოვა მეორე ადგილი.
მოსწავლეებს ასევე ჭადრაკის პირველობებზე მიღებული აქვთ მედლები და და სხვადასხვა სახის სიგელები.
დაწესებულებაში ხშირია სტუმრები, როგორც საქართველოდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან. რომელთა საპატივცემულოდაც იმართება კონცერტები. გიმნაზია–პანსიონთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი ,,ხარება&ქუოტ; და ბენდი ,,კალანდა&ქუოტ; აქტიურად მართავს ღონისძიებებს და მონაწილეობს ქალაქის სხვადასხვა ღონისძიებებშიც და მოპოვებული აქვთ სხვადასხვა დიპლომები და სიგელები. ანსამბლის ქორეოგრაფი გახლავთ სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე გია გურგენიძე. არდადეგებზე ხშირად გვსტუმრობს სუხიშვილების სოლისტი თეა დარჩია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ანსამბლის ხელმძღვანელთან და მონაწილეობს ცეკვების დადგმაში, კოსტიუმების შერჩევაში. ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრასა და ვოკალურ მხარეს ხელმძღვანელობდა ლოტბარი მურმან ქამადაძე.
სხვადასხვა სტუდიაში შესრულებულ ნამუშევართა გამოფენა ტრადიციულად ეწყობა ყოველწლიურად ძველით ახალ წელს, რომელზედაც მოწვეულია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი საპატიო სტუმრებთან ერთად. იმართება საზეიმო ვახშამი და კონცერტი.
ბავშვები არდადეგებზე ისვენებენ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მიტროპოლიტი დიმიტრის თანხლებით აღსაზრდელები იყვნენ იერუსალიმში, მოილოცეს ყველა წმინდა ადგილი და მეუფის მიერ დაწვრილებით მოისმინეს ინფორმაცია მათ შესახებ. იმოგზაურეს საბერძნეთში – მოილოცეს ათონის წმ. მთა, დაათვალიერეს მეტეორა – სამონასტრო კომპლექსი, ქალაქ პატრაში – მოილოცეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი, სადაც დაბრძანებულია მისი წმ.ნაწილები. დაათვალიერეს ათენის ღირშესანიშნაობები. მოილოცეს წმ. დიმიტრი თესალონიეკელის ტაძარი. იმოგზაურეს გემით იტალიაში ქალაქ ბარში, რათა თაყვანი ეცათ წმ. ნიკოლოზის საფლავისათვის.
იყვნენ კაბადოკიაში – წმ. ნინოსა და წმ. გიორგის სამშობლოში, მოინახულეს ტაო–კლარჯეთის ტაძრები – ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა, ხახული და სხვა.
ასევე იმოგზაურეს ეგვიპტეში, დაისვენეს შარმ ელ შეიხში, მოილოცეს სინას მთა, წმ. ეკატერინეს მონასტერი, დაათვალიერეს კაიროს მუზეუმი, მოინახულეს პირამიდები, სფინქსის ქანდაკება. ეგვიპტიდან გადავიდნენ იერუსალიმში და მოილოცეს წმ. ადგილები.
ისვენებდნენ ანტალიაში ზღვაზე, იქ ყოფნის პერიოდში გახლდნენ ქალაქ მირონლუკიაში დღევანდელ ქალაქი მირო, სადაც მოღვაწეობდა წმ. ნიკოლოზი.
საზაფხულო არდადეგების პერიოდში მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა ტაძრები და სამონასტრო კომპლექსები ესენია: ჯიხეთის, გელათის, მოწამეთას, უბისას, სამთავროს, შიო მღვიმეს, ჯვრის, სვეტიცხოველის სამების, დავით–გარეჯას, ვარძიის, წმ. ოანე ნათლისმცემლის, ზვარეს და მრავალი სხვა ისტორიული ძეგლები.
გიმნაზია–პანსიონს პერიოდულად სტუმრობს სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II , თანმხლებ პირებთან ერთად.
სხვადასხვა დროს იმყოფებოდა მღვდელმთავრები და სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის იყო – მურმან ჯინორია, ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, სუხიშვილების მოცეკვავეები, ნინო ანანიაშვილი, ქეთი დოლიძე, ნუგზარ კვაშალი, ოთარ ტატიშვილი, ოთარ კობერიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, გუჯა ბურდული, პაატა ბურჭულაძე, ქეთი მელუა, ვახტანგ ტატიშვილი, ზაზა ფაჩულია და სხვები.
2012–2013 სასწავლო წელს გიმნაზიას ჰყავდა პირველი გამოსაშვები კლასი. თითოეულმა მათგანი ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მათ შორის: ერთმა სწავლა განაგრძო იტალიაში ქ.მილანში ნაბას აკადემიაში – ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე, ორი ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, ერთი კი ბათუმის საზღვაო აკადემიაში.
გიმნაზია–პანსიონში ჩარიცხული ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ოთხჯერადი კვებით, სამედიცინო მომსახურებითა და სხვა საჭიროებებით. შექმნილი გარემო და ყველაფერი, რაც ბავშვებს ხმარდება არის მაღალი ხარისხის და გემოვნებით შერჩეული, რათა აღზრდის პროცესში ჩამოუყალიბდეთ დახვეწილი გემოვნება და ესთეთიკური ხედვა. ამასვე ემსახურება შენობის თანამედროვე, მრავალფეროვანი იტერიერი. შენობა მოიცავს სრულ 4 სართულს და მანსარდს.
სასწავლო პროცესისათვის საჭირო ყველა სახელმძღვანელოს და იმ ნივთის შეძენა, რომელსაც ბავშვები მოიხმარენ, ხდება დაწესებულების მიერ. ასევე მარაგდება ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურით.
გიმნაზია პანსიონი is proudly powered by WordPress